Tuesday, June 23, 2009

ჰალიკარნასის მავზოლეუმი

ჰალიკარნასი იყო კარიის მთავარი ქალაქი. კარია ძვ.წ.IV საუკუნეში სპარსეთის იმპერიაში შედიოდა. ამ დროს კარიას მართავდა მავსოლე. იგი დაქორწინდა საკუთარ დაზე, რომელსაც ერქვა არტემისია. მავსოლემ გადაწყვიტა თავისი და მეუღლის სამუდამო განსასვენებლად აეგო ისეთი აკლდამა, მანამდე რომ არ ღირსებია მოკვდავთაგან არც ერთ დიდებულს.


აკლდამის აგება მავსოლეს სიცოცხლეშივე დაიწყეს. კარიის მმართველმა მისი დასრულება ვერ მოასწრო. იგი დაახლოებით ძვ.წ. 350 წელს გარდაიცვალა. დაკრძალეს მის მიერვე აგებულ აკლდამაში, რომელსაც მავსოლეს პატივსაცემად მავზოლეუმი უწოდეს. მავზოლეუმი საბოლოო სახით არტემისიამ დაასრულა.


მავზოლეუმი წარმოადგენდა ბერძნული ტაძრის მსგავს ნაგებობას, რომელიც შემკული იყო მარმარილოს კოლონებითა და ქანდაკებებით. რელიეფური სამკაულები ტაძრისათვის შექმნეს იმდროინდელმა საუკეთესო სკულპტორებმა - სკოპამ, ლეოქარემ, ბრიქსისმა და ტიმოთეოსმა. ნაგებობების თავზე მდებარეობდა საფეხურებიანი პირამიდა, ხოლო მასზე აღმართული იყო მავსოლესა და არტემისიას სკულპტურები. მავზოლეუმს დარაჯობდა ქვის ლომების ქანდაკებების რიგი.

XIV საუკუნეში მავზოლეუმი მიწისძვრამ დაანგრია. XV საუკუნეში წმ.იოანეს ჯვაროსნული ორდენის რაინდები მავზოლეუმის ქვებს იყენებდნენ ციხესიმაგრეების ასაშენებლად. სამარხებსაც მიაგნეს. ოქროსა და განძეულობის მაძიებლებ სამარხები პირწმინდად გაძარცვეს და გაანადგურეს.



XIX ს-ის 50-იან წლებში არქეოლოგებმა მავზოლეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარეს გათხრები. მათ აღმოაჩინეს მავზოლეუმის ნაშთები, რელიეფებისა და ქანდაკებების ფრაგმენტები.


განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ორი დიდი ქანდაკება, რომლებიც მიჩნეული იქნა მავსოლესა და არტემისიას სკულპტურებად. მთელი ეს მონაპოვარი ლონდონში გადაიტანეს და ამჟამად დაცულია ბრიტანეთის მუზეუმში.

არტემიდას ტაძარი ეფესოში


ქალაქი ეფესო მცირე აზიაში, დღევანდელი თურქეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს.


ძვ.წ.VI საუკუნეში ეფესო ლიდიის სამეფოს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი იყო. ლიდიის სამეფომ განსაკუთრებულ აღმავლობას მიაღწია უკანასკნელი მეფის კრესეს დროს. მან გადაწყვიტა, ნადირობის მფარველი ქალღვთაების სახელზე ტაძარი აეგო. ბერძნები ამ ღვთაებას არტემიდას უწოდებდნენ, ხოლო რომაელები-დიანას. ტაძარი დაახლოებით ძვ.წ. 560 წლისათვის აშენდა.


იგი აგებული იყო კირქვითა და მოპირკეთებული იყო მარმარილოთი. ტაძრის სახურავი და ფრონტონი ეყრდნობოდა 20 მეტრი სიმაღლის მარმარილოს 120 კოლონას. ტაძარი შემკული იყო ათასგვარი ორნამენტითა და სკულპტურით. ცენტრში იდგა არტემიდას ქანდაკება. არტემიდას ტაძარი კლასიკური ეპოქის ყველაზე დიდი ნაგებობა იყო.მისი სიგრძე 131, ხოლო სიგანე 79 მეტრს აღწევდა.


ტაძრის აგებიდან ორასი წლის შემდეგ, ძვ.წ. 356 წელს, იგი მთლიანად გაანადგურა ხანძარმა. ტაძარი დაწვა ვინმე ჰეროსტრატემ, რომელსაც სურდა, რომ ამ გზით თავისი სახელი სამუდამოდ დარჩენილიყო კაცობრიობის ისტორიაში. მოგვიანებით ალექსანდრე მაკედონელმა მოინახულა ეფესოს ტაძარი და მისი აღდგენა ბრძანა.


ამ ძეგლის რესტავრაციის შესახებ მოგვითხრობს ძველი ბერძენი ისტორიკოსი სტრაბონი, რომელიც წერს, რომ ცეცხლისგან განადგურებული ტაძარი აღუდგენიათ და აღდგენილი ნაგებობა პირვანდელზე გაცილებით ლამაზი და წარმტაცი ყოფილა. თუმცა, არტემიდას ტაძარი მაინც ვერ გადაურჩა განადგურებას. III საუკუნეში იგი მომთაბარე გუთებმა ძირფესვიანად დაანგრიეს და გაძარცვეს. მრავალი წლის შემდეგ არქეოლოგებმა ეფესოში აღმოაჩინეს არტემიდას ტაძრის უმნიშვნელო ნაშთები, ამ დიდებული ნაგებობიდან მხოლოდ ერთი კოლონაღაა შემორჩენილი.

ალექსანდრიის შუქურა


ალექსანდრიის შუქურა ძველი მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ყველაზე გვიანი ხანის ძეგლია. იგი ააგეს ძვ.წ. III საუკუნეში ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიის მახლობლად, კუნძულ ფაროსზე.




ეს იყო მსოფლიოში პირველი შუქურა. პირამიდების შემდეგ, ძველ საოცრებათა შორის ალექსანდრიის შუქურამ ყველაზე მეტად გაუძლო დროს. ის თითქმის 1500 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა და სიბნელეში გზას უჩვენებდა ფაროსის უბისკენ მიმავალ ხომალდებს.

ქალაქი ალექსანდრია ალექსანდრე მაკედონელმა დააარსა. იგი იმთავითვე იქცა ხალხმრავალ ნავსადგურად, სადაც თავს იყრიდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ვაჭრები, ხელოსნები და მოგზაურები. გემების სეუფერხებელი მოძრაობისთვის გადაწყდა ხმელთაშუაზღვის ნაპირებთან შუქურას აგება. მის მშენებლობას თითქმის ოცი წელი დასჭირდა. შუქურამ დასრულებული სახე ძვ.წ. 280 წელს მიიღო, როდესაც ეგვიპტეს მართავდა პტოლემოს II. საინტერესოა, რომ ზუსტდ ამ დროს დასრულდა როდოსის კოლოსიც.



ალექსანდრიის, იგივე ფაროსის, შუქურა ნაგები იყო მარმარილოს ფილებით, სიმაღლე 150 მეტრს აღწევდა. შუქურა შედგებოდა მარმარილოს სამი კოშკისაგან. ქვედა, პირველი კოშკი, სწორკუთხა ნაგებობა იყო და მასში ის ხალხი ცხოვრობდა, ვინც შუქურას ემსახურებოდა. მის ზემოთ იდგა შედარებით პატარა, რვაკუთხოვანი კოშკი, საიდანაც სპირალური კიბეებით მესამე კოშკში ადიოდნენ. ზედა კოშკს ცილინდრის ფორმა ჰქონდა. მის თავზე მუდმივად ენთო ცეცხლი, რომელიც გზას უნათებდა ხომალდებს. შუქურას თავზე აღმართული იყო ზევსის ქანდაკება. გაშლილი ზღვიდან შესაძლებელი იყო შუქურას დანახვა 50 კმ-ის მანძილიდანაც კი.



დროთა განმავლობაში ალექსანდრიის უბე ზღვის მიერ მოტანილი სილით აივსო. XII საუკუნეში სილის რაოდენობამ ისე მოიმატა, რომ პორტში ხომალდების შესვლა შეუძლებელი გახდა. პორტი გაუქმდა, ხოლო შუქურა უმოქმედოდ დარჩა. XIV საუკუნეში იგი ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია. შუქურას ბრინჯაოს ფირფიტები მონეტებისა და სარკეების დასამზადებლად გამოიყენეს, ხოლო ქვებით სამხედრო ფორტი ააშენეს. ეს ნაგებობა დღემდე დგას ყოფილი შუქურას ადგილზე.



ბერძენი მწერალი ლუკიანე სამოსატელი გვატყობინებს, რომ არქიტექტორმა, რომელმაც შუქურა ააგო, თავისი სახელი აღბეჭდა ერთ-ერთ ქვაზე იმ იმედით, რომ დროთა განმავლობაში იგი გადმოვარდებოდა და გამოჩნდებოდა წარწერა: „სოსტრატე, დექსიფონეს ძე კნიდოსელი.“ თუმცა, იპოვა თუ არა ვინმემ ოსტატის წარწერა, არავინ უწყის.

როდოსის კოლოსი

რამდენიმე წელიწადში, როგორც კი როდოსელებმა ომის ჭრილობები მოიშუშეს შეუდგნენ თავისი გადაწყვეტილების ხორცშესხმას. ქანდაკების დამზადება დაავალეს ალექსანდრე მაკედონელის სამეფო კარის მოქანდაკის მოწაფეს — ქარესს. ქარესი როდოსის მკვიდრი იყო, ქ. ლინდიდან. მისი სახელგანთქმული მასწავლებელი, მრავალი უკვდავი ქმნილების ავტორი, დიდოსტატი — ლისი პი. ძველ საბერძნეთში დიდი მოწონებით სარგებლობდა მისი ნამუშევარი, ათლეტის ქანდაკება. ლისი პმა სწორად და ცოცხლად გამოკვეთა ათლეტის სახე, ჭაბუკი მძლეოსნისა, რომელიც ჭიდაობის შემდეგ ტანს იწმენდს მტვრისაგან. ლისი პის საყვარელი გმირი იყო ჰერკულესი.

ლისი პის ქანდაკებათა მარმარილოს ასლები დღემდეა შემონახული, მაგრამ მოქანდაკის საყვარელი მასალა იყო ბრინჯაო. ბრინჯაოსაგან შექმნა მან ზევსის გიგანტური ფიგურა, რომელიც ძველ იტალიურ ქ. ტარენტში ინახებოდა. შორს გაითქვეს სახელი აგრეთვე ალექსანდრე მაკედონელის ბრინჯაოს სკულპტურულმა პორტრეტებმა.

ლისი პის ბევრი მოწავე ცმობილი იყო როგორც თავისი საქმის დიდი მცოდნე. სახელი გაითქვა აგრეთვე ქარესმაც.

მოქანდაკე მთელი მონდომებით შეუდგა საქმეს. პირველ რიგში მან როდოსელებს უჩვენა ქანდაკების მოდელი. ქანდაკება დამზადდა თიხისაგან და იყო ადამიანის ზომის.

ქარესმა მზის ღმერთი გამოაქანდაკა, სიცოცხლით სავსე ჭაბუკის სახით, რომელსაც თავზე სხივოსანი გვირგვინი ედგა. ჭაბუკი ღმერთი ზეზე იდგა, მთელი ტანით ოდნავ უკან გადახრილი, მარჯვენა ხელით თვალები მოეჩრდილა, თითქოს სხივთა სიუხვეს ერიდებაო და სადღაც შორეთში იხედებოდა. მარცხენა ხელით აკავებდა მოსასხამს, რომელიც მიწაზე ეცემოდა. ქანდაკების სიმაღლე, როგორც ქარესი ამბობდა, იქნებოდა არანაკლეც სამოცდაათი წყრთისა (36 მ)

სამოცდაათი წყრთა — ეს უზარმაზარი ზომაა. ასეთი არსად ყოფილა ჯერ საბერძნეთში.

მოდელის ჩვენების დროს როდოსის მოქალაქეებმა დიდი ცნობისმოყვარეობა გამოიჩინეს. დიდად მოიწონეს და მოდელი მათ ძალიან ბევრი შეკითხვა დაუსვეს ქარესს. საჭირო იყო ქანდაკება ისე დამდგარიყო, რომ თვითონაც კარგად გამოჩენილიყო და არ დაეჩრდილა სხვა ნაგებობანი ისე დაემშვენებინა ქალაქი.

როდოსელები, როგორც ერთი, ისე ყველა უაღრესად დიდი პატრიოტებიიყვნენ თავისი ქალაქის, ამიტომაც დიდის ყურადღებით ექცეოდნენ კოლოსის შექმნის საქმეს.


როდოსის კოლოსი არის შვიდი საოცრებიდან ერთერთი. მზის ღმერთის — ჰელიოსის უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც იდგა კუნძულ როდოსზე. როდოსელთა რწმენით ჰელიოსი ქალაქს მფარველობდა და ბერძნებს მტერთან ბრძოლაში ეხმარებოდა. როდოსის კოლოსი აგებულია ძვ. წ. III საუკუნეში.

ჰელიოსის ქანდაკება თეთრი მარმარილოს კვარცხლბეკზე იდგა. მას გვირგვინით შემკობილი ახალგაზრდა ჭაბუკის სახე ჰქონდა. მისი სიმაღლე 37 მეტრი იყო. ძვ. წ. 227 წელს კუნძულ როდოსზე მიწისძვრა მოხდა, რომელმაც როდოსის კოლოსი მთლიანად დაანგრია. სამწუხაროდ არ გადარჩა მისი მცირე ნაწილიც კი.რედაქტირება]

ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ მისმა სარდლებმა — დიადოხებმა ერთმანეთში დაინაწილეს ალექსანდრეს მიერ დაპყრობილი სახელმწიფოები. ამასთან მათ შორის წარმოებდა განუწყვეტლივი ბრძოლები. ყოველი დიადოხი ცდილობდა ხელთ ეგდო მეტი და უკეთესი მიწები.

ძვ. წ. 305 წელს სარდალმა დემეტრე პოლიეკრეტის ყურადღება მიიქცია როდოსმა — ყველაზე უფრო მდიდარმა სავაჭრო ქალაქმა. როდოსელ ვაჭართა ხომალდები ყველგან აღწევდნენ ექვსინიის პონტიდან (შავი ზღვიდან) ნილოსის ნაპირებამდე. ეგვიპტეშიც და სხვა ქვეყნებშიც როდოსელები ყიდულობდნენ ძვირფას საქონელს — პურს, ღვინოს, ზეთს, მონებს. ამ საქონლის გასაღებით როდოსელი ვაჭრები აურაცხელ სიმდიდრეს იძენდნენ.

მდიდარი ქალაქის დამორჩილების სურვილით აღტკინებულმა დემეტრემ როდოსელებს მოსთხოვა ეგვიპტის მბრძანებელ პტოლემეუსთან ომში დახმარება. ეგვიპტესთან ომი როდოსელ ვაჭრებს უზარმაზარი ზარალს მოუტანდა. როდოსელები ეგვიპტეში ყიდულობდნენ პურის მეტ ნაწილს, თავისი ვაჭრობის მთავარ პროდუქტს და ამიტომაც უარი შეუთვალეს დემეტრეს.როდოსის ნაპირებისაკენ დაიძრა დიდი ფლოტი. ქალაქს ალყა შემოარტყა ზღვიდანაც და ხმელეთიდანაც. ქალაქის გალავანში ტარანები უზარმაზარ რღვეულებს ქმნიდნენ. სატყორცნი მანქანები -კატეპულტები და ბალისტები — ქალაქის მცველებს ქვების ჭურვებსა და ალმოდებულ ისრებს აყრიდა. მაგრამ როდოსელებში ყველაზე მეტად შიშს იწვევდა ცხრასართულიანი საალყო მანქანა — ჰელეპოლიდა (ქალაქების ამღები).

ჰელეპოლიდა წარმოადგენდა ბორბლებზე შემდგარ მაღალ კოშკს. მანქანას კედელთან მიაგორებდნენ, თოკებით ამწე ხიდს დაუშვებდნენ და მოალყეები კოშკიდან ციხე-სიმაგრის კედელზე გადარბოდნენ. გიგანტური მანქანის ქვედა ნაწილში მოთავსებული იყო ტარანი, რომელიც ამსხვრევდა და არღვევდა ქალაქის გალავანს. მანქანას, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში წყლის მარაგიც გააჩნდა. ზედა სართულზე, სადაც ასვლა შიგა კიბეებით ხდებოდა, განლაგებული იყვნენ სატყორცნი მანქანები, მშვილდოსნები და მეშურდულეები.

სამიათას ოთხას კაცს მოჰყავდა მოძრაობაში ჰელეპოლიდა და ამ გიგანტური კოშკის სიმაღლიდან უშენდნენ ცეცხლს ქალაქის დამცველებს. თვითონ კი სამი მხრიდან იყვნენ დაცული, რკინის ფურცლებით, რომლებითაც შეჭედილი იყო ჰელეპოლიდა. ფურჩლებში კიდევ დატოვებული იყო პატარა ხვრელები იარაღისა და მოისრეებისათვის.

ჰელეპოლიდა ყოველ დღე დიდ ზიანს აყენებდა ქალაქს, მაგრამ როდოსელები მაინც არ ნებდებოდნენ. დანგრეული კედლების შიგნით ახალს აშენებდნენ. გმირულ გამოხდომებს აწყობდნენ. ანგრევდნენ და სწვავდნენ კედლის მნგრეველ მანქანებს და თავის რიგში დამპყრობლებს დიდ ზიანს აყენებდნენ.

როდოსელების მომხრე ეგვიპტელები კი ახერხებდნენ, მათთვის საკვების შეტანას.

ალყა გაჭიანურდა და დემეტრე იძულებული გახდა უკან დაეხია. ზავის თანახმად როდოსელებმა შეინარჩუნეს თავისუფლება და დამოუკიდებლობა. დემეტრემ დატოვა კუნძული. ქალაქის გალავანთან დარჩდა მხოლოდ გიგანტური ჰელეპოლიდა, რომელიც დემეტრემ როდოსელებს აჩუქა.

გადაწყვეტილ იქნა ჰელეპოლიდის დაშლა და მისი რკინის გაყიდვა. მასში ვაჭრები ქალაქს 300 ტალანტამდე ფულს სთავაზობდნენ[1].

სახალხო კრებაზე გადაწყდა: რკინაში აღებული ფულით შექმნილიყო კუნძულის მფარველი ღმერთის ჰელიოსის ქანდაკება. მის გამოსახულებას როდოსელები მონეტებზე ჭრიდნენ. ჰელიოსის ქანდაკებანი ამშვენებდნენ როდოსელთა ტაძრებს.

როგორც ლეგენდა მოგვითხრობს, ღმერთებმა როდოსი ზღვის ფსკერიდან ამოზიდეს ჰელიოსის თხოვნით. როდოსს უწოდებდნენ ჰელიოსის „ღვთაებრივ განდაკებას“.

როდოსელებმა გადაწყვიტეს პატივი ეცათ თავიანთი მფარველი ღმერთისათვის და აეგოთ მისი გიგანტური განდაკება — კოლოსი, ეს ხომ როდოსელთა დიდი გამარჯვების სამახსოვრო ძეგლი უნდა ყოფილიყო.

ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში


ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში შვიდი საოცრებიდან ერთერთი. ფიდიოსის ნამუშევარი, დამზადებულია ხისგან და მოპირქეთებულია ოქროთი და სპილოს ძვლით.. ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში – ერთადერთი მსოფლიო საოცრებაა, რომელიც ევროპის კონტინენტზე აღმოჩნდა.

ბერძნებმა არ აღირსეს ელადას არც ერთ ტაძარი როგორც მსოფლიოს საოცრება და ოლიმპიის საოცრებად აღიარებისას, მათ აირჩიეს არა მთლიანად ტაძარი, არამედ მხოლოდ შიგნით მდგარი ქანდაკება.


ზევსი ოლიმპიასთან პირდაპირ კავშირში იყო. ამ ადგილების ყველა მცხოვრებს შესანიშნავად ახსოვდა, რომ სწორედ აქ დაამარცხა ზევსმა სასტიკი კრონოსი, თავისი ღვიძლი მამა, რომელმაც ძალაუფლების დაკარგვის შიშით დაიწყო თავისი შვილების შეჭმა. ზევსი გადარჩა ისევე, როგორც გარადჩებოდა ნებისმიერი ხალხის ზღაპრული გმირი: ყოველთვის გამოჩნდება კეთილი გულის პატრონი, რომელსაც შეეცოდება ბავშვი. კრონოსის ცოლმა, რეამ, მიართვა მას ზევსის მაგივრად ლოდი, რომელიც კრონოსმა გადაყლაპა. ეტყობა, კრონოსი მთლიანად ყლაპავდა თავის შვილებს. როდესაც ზევსი წამოიზარდა და დაამარცხა მამა, მან გაათავისუფლა ყველა თავისი და-ძმა: ჰადესი, პოსეიდონი, დემეტრა...

ოლიმპიური თამაშები დამტკიცებული იყო ამ მოვლენის საპატივცემულოდ და იწყებოდა ზევსისთვის მსხვერპლშეწირვით.


ოლიმპიის მთავარი სათაყვანო იყო ზევსის ტაძარი დიდი ფიდიასის მიერ გაკეთებულ ქანდაკებასთან ერთად. ფიდიასი ცნობილი იყო არა მარტო ზევსის ქანდაკებით ოლიმპოში, არამედ აგრეთვე ათენას ქანდაკებით პართენონში და რელიეფებით მის კედლებზე. პერიკლესთან ერთად ფიდიასმა შეიმუშავა ათენის გარდაქმნისა და გალამაზების გეგმა, რაც მას ძვირად დაუჯდა: მისი ძლევამოსილი მეგობრისა და მფარველის მტრები მისი მტრები გახდნენ. მათი შურისძიება ბანალური და ბინძური იყო, მაგრამ მოსახლეობას სკანდალი სწყუროდა: ფიდიასს ბრალი დასდეს პართენონში ათენას ქანდაკების შენებისას ოქროსა და სპილოს ძვლის დამალვაში.

მოქანდაკეს სახელი შურის მაძიებლებზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ელადას მაცხოვრებლებმა შეიტანეს მასთვის გირაო, ათენელებმა კი ეს საბაბი საკმარისად მიიჩნიეს იმისთვის, რომ ფიდიასი ოლიმპიაში სამუშაოდ გამოეშვათ. რამდენიმე წელი ფიდიასი ოლიმპიაში ცხოვრობდა. იგი აშენებდა ქანდაკებას _ მასალით სინკრეტულს, ჩვენთვის კი აღწერებისა და მონეტებზე გამოსახულებების მიხედვით ცნობილს.


ზევსის ქანდაკება იმყოფებოდა ტაძარში, რომლის სიგრძე 64 მეტრს აღწევდა, სიგანე – 28-ს, შიგნითა სათავსის სიმაღლე კი 20 მეტრს შეადგენდა. დარბაზის ბოლოს მჯარი ზევსი თავით ჭერს ებჯინებოდა. წელს ზევით შიშველი ზევსი ხისგან იყო დამზადებული. მის ტანს მოვარდისფრო, თბილი სპილოს ძვლის ფირფიტები ფარავდა, სამოსს _ ოქროს ფოთლები, ცალ ხელში მას ნიკეს, გამარჯვების ქალღმერთის, ქანდაკება ეჭირა, მეორე ხელით კი იგი მაღალ კვერთხს ეყრდნობოდა. ზევსი იმდენად დიდებული იყო, რომ როცა¦ფიდიასმა სამუშაო დაასრულა, ის მივიდა ქანდაკებასთან, რომელიც თითქოს მიცურავდა ტაძრის შავი მარმარილოს იატაკზე, და იკითხა: “კმაყოფილი ხარ, ზევს?” პასუხად ჭექა-ქუხილის ხმა გაისმა და იატაკი გაიბზარა ქანდაკების ფეხებთან. ზევსი კმაყოფილი იყო.

შემორჩა აღწერა ზევსის სავარძლისა, რომელიც სპილოს ძვლის ბარელიეფებითა და ღმერთების ოქროს ქანდაკებებით იყო დამშვენებული. ტახტის გვერდითა კედლები მოხატული იყო მხატვარ პანენასის (ფიდიასის ნათესავისა და თანაშემწეს) მიერ. შედეგად, ბიზანტიელმა იმპერატორებმა გადაიტანეს ქანდაკება კონსტანტინეპოლში ყველა სიფრთხილის დაცვით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ, ზევსზე ხელი ვერავინ აღმართა. ქრისტიანმა ფანატიკოსებმაც კი, კერპთაყვანისმცემლობის მტრებნა, ვერ გაბედეს ქანდაკების დანგრევა. ბიზანტიელი იმპერატორები უფლებას აძლევდნენ საკუთარ თავს,¦მაღალი ხელოვნებისთვის ეცათ პატივი. მაგრამ, ქრისტიანობის მქადაგებლების სასიხარულოდ, ღმერთმა დასაჯა თავისი წარმართული მეტოქე და განურისხდა ჭეშმარიტების გზას აცდენილ იმპერატორებს. ჩვენი წელთაღრიცხვით V საუკუნეში იმპერატორ თეოდოს II-ს სასახლე დაიწვა. ხის ქანდაკება გახდა ცეცხლის მსხვერპლი: ფიდიასის ქმნილებისგან დარჩა მხოლოდ რამდენიმე დანახშირებული ძვლის ფირფიტა და გამდნარი ოქროს ბზინები.

ასე განადგურდა მსოფლიოს მეშვიდე საოცრება...

როდესაც ძეგლისგან აღარაფერი რჩება, ყოველთვის ჩნდება ცდუნება, მისი არსებობა ადამიანის წარმოსახვას მიეწეროს. მსგავსი ხვედრი არ ასცდა ზევსის ქაანდაკებასაც, მით უმეტერ როდესაც მისი ასლები არ შენარჩუნდა.

იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ ქანდაკება მართლაც არსებობდა და იყო ზუსტად ისეთი, როგორსაც მას თანამედროვენი აღწერდნენ, საჭიროა მოვიძიოთ მისი შექმნის არაპირდაპირი დამამტკიცებელი ფაქტები მაინც.

უკვე ჩვენს დროში ცდილობდნენ ფიდიასის სახელოსნო ეპოვათ. ასეთი ქანდაკების აშენება ითხოვდა მუშაობის არაერთ წელიწადს, ამიტომ ფიდიასს და მის თანაშემწეებს სჭირდებოდათ სოლიდური შენობა. ზევსის ქანდაკება არ იყო მარმარილოს ბელტი, რომლის დატოვება ზამთარში ღია ცის ქვეშ შეიძლებოდა.

ოლიმპიაში გათხრების მწარმოებელი გერმანელი არქეოლოგების ყურადღება მიიპყრო ბიზანტიურ ქრისტიანულ ეკლესიად გადაკეთებული ანტიკური ტაძრის ნარჩებნებმა. შენობის გამოკვლევის შედეგად, ისინი დარწმუნდნენ იმაში, რომ სწორედ აქ იყო განლაგებული სახელოსნო – ქვის ნაგებობა, რომელიც ოდნავ თუ ჩამორჩებოდა თვითონ ტაძარს. მასში იპოვეს მოქანდაკეთა და იუველირთა სამუშაო იარაღები და სამსხმელო “საამქროს” ნარჩენები. მაგრამ ყველაზე საინტერესო აღმოჩენები გაკეთებულია სახელოსნოს მეზობლად – ორმოში, რომელშიც საუკუნეების მანძილზე ოსტატები აგდებდნენ ნარჩენებსა და ქანდაკებების დაბრაკულ ნაწილებს. იქ ნაპოვნია ზევსის ტოგის ჩამოსხმული ფორმები, სპილოს ძვლის უამრავი ფირფიტა, ნახევრად რძვირფასი თვლების ნატეხები, ბრინჯაოსა და რკინის ლურსმნები – მოკლედ, სრული და უდავო დამტკიცება იმისა, რომ სწორედ ამ სახელოსნოში შექმნა ფიდიასმა ზევსის ქანდაკება, თანაც ზუსტად ისეთი, როგორის აღწერასაც ვფლობდით. და ბოლოს, ნარჩენების გროვაში არქეოლოგებმა იპოვეს დოქის ძირი, რომელზეც იყო წარწერა: “ვეკუთვნი ფიდიასს”.

ბაბილონის დაკიდული ბაღები


ძვ.წ. 604-562 წლებში ბაბილონს მართავდა დიდი მეფე ნაბუქოდონოსორ II. მისი სამეფო დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე, მდინარე ევფრატის ნაპირებზე მდებარეობდა.


მეფემ იზრუნა, რათა ბაბილონი უმშვენიერესი და აყვავებული ქალაქი ყოფილიყო. გაოცებას იწვევდა ქალაქის შესასვლელი, რომელიც ქალღმერთ იშთარის კარიბჭედ მოიხსენიებოდა. კარიბჭის კოშკები მოპირკეთებული იყო სხვადასხვა ფერის მოჭიქული შორენკეცით. მუქ ლურჯ ფონზე გამოსახული იყო თეთრი და ყვითელი ხარების, დრაკონებისა თუ ოქროსფერფარფლიანი ლომების ფიგურები. იშთარის კარიბჭიდან იწყებოდა და მთელ ქალაქს კვეთდა პროცესიის ქუჩა, რომელსაც ამშვენებდა სამეფო სასახლე და მთავარი ტაძარი. სასახლის კედლის მიღმა მოჩანდა ე.წ. დაკიდული ბაღები. ტერასებად აგურდაგებულ თაღებზე ნოყიერი მიწა ეყარა. დარგული იყო აზიის სხვადასხვა კუთხიდან მოზიდული ხეები, ბუჩქები და ყვავილები. შორიდან ისე ჩანდა, თითქოს ბაღები ჰაერში ეკიდა. ბაღები ირწყვებოდა ევფრატის წყლით, რომელიც იქ საგანგებო წყალსაქაჩი ბორბლებითა და ტყავის ჭურჭლით აჰქონდათ.


ეს ბაღები ნაბუქოდონოსორის ბრძანებით ააგეს მისი უსაყვარლესი ცოლისთვის. ამიტისი მთიანი ქვეყნიდან, მიდიიდან იყო, ბაბილონის გაშლილ ვაკეზე აგებული დაკიდული ბაღები კი მას თავის სამშობლოს აგონებდა.


ბაბილონის დაკიდული ბაღების გაშენებას დღესაც შეცდომით მიაწერენ დედოფალ შამურატს, რომელიც ნაბუქოდონოსორამდე ორასი წლით ადრე განაგებდა ბაბილონს. მას ბერძნები სემირამიდას უწოდებდნენ. სწორედ ამ გარემოებამ გამოიწვია, რომ ნაბუქოდონოსორის მიერ შექმნილ ბაღებს ბევრი სემირამიდას ბაღებად მოიხსენიებს. ბაბილონის დაკიდებული ბაღებისაგან დღეს არაფერია დარჩენილი, მაგრამ, თუ როგორი იყო იგი, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ძველ ასურულ რელიეფზე გამოსახული ბაბილონური შენობა-ნაგებობების მიხედვით.

ეგვიპტის პირამიდები


დაახლოებით ორმოცდახუთი საუკუნის წინ, ძვ.წ IV ათასწლეულში, ეგვიპტეს მართავდნენა მეოთხე დინასტიის უძველესი ფარაონები. მათ შესახებ ბევრი ცნობა არ შემონახულა. ამ ფარაონების დიდებასა და ძლევამოსილებას ადასტურებენ მათივე სამუდამო განსასვენებლები, რომლებიც კაცობრიობამ აღიარა მსოფლიოს ყველაზე დიდ და იდუმალ საოცრებად. ესენია გიზის ცნობილი პირამიდები. გაკვირვებას იწვევს არა მხოლოდ მათი ფორმა, ზომა და საინჟინრო ტექნიკა, არამედ ისიც, რომ პირამიდა ადამიანის მიერ შექმნილი ქვის პირველი ნაგებობაა. აღსანიშნავია ისიც, რომ გიზის პირამიდები ძველი მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთადერთია, რომელმაც თითქმის თავდაპირველი სახით მოაღწია ჩვენამდე.


პირველი პირამიდის აგება ფარაონ ჯოსერის სახელს უკავშირდება. მისი არქიტექტორი იმჰოტეპი ეგვიპტელებმა ღვთაებადაც კი შერაცხეს. ყველაზე დიდი პირამიდა ფარაონ ხუფუსთვის ააშენეს. ეს ფარაონი უფრო ხეოფსის სახელით არის ცნობილი. ეგვიპტელების რწმენით, ხეოფსის პირამიდა უნდა ყოფილიყო ყველა ადრინდელზე მაღალი და დიდი. მის ასაშენებლად დაახლოებით ასი ათასი მონა შრომობდა. პირველი ათი წელი მოსამზადებელ სამუშაოებს დასჭირდა - გაჰყავდათ გზა მშენებლობის ადგილისაკენ, თხრიდნენ მიწისქვეშა საიდუმლო გვირაბებს, ხოლო მდინარე ნილოსის აღმოსავლეთით, ქვის სამტეხლოებში, ათასობით მონა ლოდებს თლიდა და ნილოსის დასავლეთ ნაპირზე გადაჰქონდა. პირამიდა შენდებოდა ოცი წლის განმავლობაში.იგი ხეოფსის მმართველობის 31-ე წელს დასრულდა. დაახლოებით ორი მილიონ სამასი ათასი ქვის ლოდი, თითოეული 2,5 ტონამდე სიმძიმის, სპილენძის იარაღებით გახერხეს და მჭიდროდ მიაკრეს ერთმანეთს.


პირამიდის სიმაღლე 147 მეტრს აღწევს. გათლილი ქვის ფილები ისეა ერთმანეთთან მიდგმული, შიგ ნემსის გატარებაც ჭირს. პირამიდას შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან აქვს. ვიწრო დერეფანი შედის სამარხში, სადაც ფარაონის კუბო იდგა. იგი ჩვენამდე არ შემონახულა. გვერდითი დერეფანი დედოფლის აკლდამაში გადიოდა. ხეოფსის სიკვდილის შემდეგ მისი ცხედარი გაკვეთეს, ტვინი და შიგნეულობა ამოაცალეს, სხეული 70 დღე მარილიან წყალში შეინახეს, სურნელოვანი ფისი წაუსვეს და გამზადებული მუმია სუდარაში გაახვიეს.


სარკოფაგი, სადაც ფარაონის მუმია იყო, უზარმაზარ მარხილზე დადეს, ხარები შეაბეს და დასავლეთისაკენ წაიღეს, სადაც ეგვიპტელ ქურუმთა აზრით, საიქიოს კარიბჭე უნდა ყოფილიყო. ფარაონის მუმია სამარხის შუაში მოათავსეს და პირამიდის შესასვლელი ამოქოლეს. ერთ-ერთი აჯანყების დროს ხეოფსის მუმია აკლდამიდან გამოიტანეს, რის შედეგადაც იგი უგზო - უკვალოდ დაიკარგა.

1953 წელს ეგვიპტელმა არქეოლოგებმა ხეოფსის პირამიდის ახლოს, სილაში, 17 მეტრის სიღრმეზე, ქვის ფილებით გადახურულ სამალავში 35 მ სიგრძის ხის ნავი აღმოაჩინეს. ავი იმისათვის დადგეს, რომ ფარაონს სიკვდილის შემდეგ შესძლებოდა მიცვალებულთა შორეული სამეფოს ზეციურ ტალღებში ცურვა.

ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება

ქვემოთ მოყვანილია ანტიპატეს ვერსია:

საოცრება თარიღი მშენებელი დაინგრა მიზეზი
ხეოფსის პირამიდა ძვ. წ. 2550 ეგვიპტელები დღემდე დგას დღემდე დგას
ბაბილონის დაკიდული ბაღები ძვ. წ. 600 ბაბილონელები ძვ. წ. 1 საუკუნე მიწისძვრა
ეფესოს ტაძარი ძვ. წ. 550 ლიდიელები, ბერძნები ძვ. წ. 356 ხანძარი
ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში ძვ. წ. 435 ბერძნები მე-5-6 საუკუნეები ხანძარი
ჰალიკარნასის მავზოლეუმი ძვ. წ. 351 ქარიელები, ბერძნები 1494 მიწისძვრა
როდოსის კოლოსი ძვ. წ. 292-280 ჰელენისტური საბერძნეთი ძვ. წ. 224 მიწისძვრა
ალექსანდრიის შუქურა ძვ. წ. III საუკუნე ჰელენისტური ეგვიპტე 1303-1480 მიწისძვრა


ანტიპატეს თავდაპირველ სიაში ალექსანდრიის შუქურა შეცვლილი იყო ბაბილონის კედლით. ზემოთ მოყვანილი სია უკვე მე-6 საუკუნის დროინდელი ვარიანტია. ამ საოცრებათაგან დღემდეგ მხოლოდ ერთადერთი - ხეოფსის პირამიდა შემორჩა გიზაში, ეგვიპტე. დაკიდული ბაღების არსებობის დამკიცება ვერ მოხერხდა. უძველესი დოკუმენტური მასალის მიხედვით დანარჩენი ხუთი საოცრება ბუნებრივმა კატაკლიზმებმა იმსხვერპლა. ეფესოს ტაძარი და ზევსის ქანდაკება ხანძარმა გაანადგურა, დანარჩენები კი მიწისძვრამ.

ისტორია


ამ სიის უძველესი ვერსია ძვ. წ. მე-2 საუკუნეში შექმნა ანტიპატე სიდონელმა. როგორც ჩანს, ეს სია ემყარება ჰელენისტ მოგზაურთა შორის პოპულარულ მეგზურებს და მხოლოდ მიუთითებს ქმნილებებზე ხმელთაშუა ზღვის გარშემო მიწებზე, სადაც იმდროინდელ მოგზაურებს მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ შეეძლოთ ემგზავრათ. ამ სიაში შესული ობიექტები საოცრებები იყო იმ კრიტერიუმით, რომ ისინი ყველაზე პოპულარული ღირშესანიშნაობები იყო იმ პერიოდში. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში მხოლოდ ადამიანის მიერ აგებული ქმნილებები იყო შეტანილი, ვინაიდან ბუნებრივი საოცრებები იმ პერიოდში პოპულარული არ იყო.